გამყიდველის წესები და პირობები

ვერსია 2.0 · ბოლო განახლება: 04.11.2026

1. ზოგადი დებულებები

ვებგვერდისა და პლატფორმის „ChatShop“ (chatshop.ge) ოპერატორია შპს „ნოვატ 2“ (საიდენტიფიკაციო კოდი 445587525, იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის 2 ჩიხი, ელფოსტა: novattwo@gmail.com). წინამდებარე დოკუმენტში შპს „ნოვატ 2“ მოიხსენიება როგორც „ChatShop“ ან „პლატფორმა“.

წინამდებარე „გამყიდველის წესები და პირობები“ (შემდგომში — „წესები“) არის ChatShop-სა და გამყიდველს შორის დადებული ხელშეკრულების სტანდარტული პირობები. მათი განუყოფელი ნაწილია: კონფიდენციალურობის პოლიტიკა, უსაფრთხოების წესები, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის წესები, ასევე პლატფორმაზე გამოქვეყნებული ფასები, პაკეტების პირობები და გამყიდველის მიერ ელექტრონულად დადასტურებული სპეციალური პირობები.

ტერმინები („პლატფორმა“, „მყიდველი“, „გამყიდველი“, „მოთხოვნა“, „შეთავაზება“, „კონტაქტის გაზიარება“) გამოიყენება მყიდველის წესებში განმარტებული მნიშვნელობით.

2. ChatShop-ის როლი და გამყიდველის სტატუსი

ChatShop არ არის მყიდველსა და გამყიდველს შორის დადებული ნასყიდობის, მომსახურების ან სხვა ხელშეკრულების მხარე, არ არის გამყიდველის წარმომადგენელი, აგენტი, დამსაქმებელი ან თავდები და არ იღებს ვალდებულებას ამ ხელშეკრულების შესრულებაზე.

ChatShop გამყიდველს აწვდის საინფორმაციო-ტექნიკურ მომსახურებას: შესაბამისი მოთხოვნების მიწოდებას, შეთავაზების გაგზავნის, კონტაქტის გაზიარების, რეკლამისა და სტატისტიკის ინსტრუმენტებს.

გამყიდველი მყიდველის მიმართ მოქმედებს საკუთარი სახელით, საკუთარი რისკითა და პასუხისმგებლობით, როგორც მოვაჭრე. გამყიდველი თავად უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობის (მათ შორის, მომხმარებლის უფლებების დაცვის, საგადასახადო, ლიცენზირების, სამედიცინო, პროდუქტის უსაფრთხოებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის) მოთხოვნების შესრულებას, მათ შორის მყიდველისთვის კანონით სავალდებულო ინფორმაციის მიწოდებას (ვინაობა, ფასი, პირობები, ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება, გარანტია).

ChatShop არ არის გამყიდველის საგადასახადო აგენტი. გადასახადების გადახდა და შემოსავლის დეკლარირება გამყიდველის ვალდებულებაა.

3. რეგისტრაცია და ვერიფიკაცია

გამყიდველად რეგისტრაცია შეუძლია 18 წელს მიღწეულ ფიზიკურ პირს, ინდივიდუალურ მეწარმეს ან იურიდიულ პირს. მეწარმისა და კომპანიის მონაცემები შეიძლება მიღებულ იქნეს და გადამოწმდეს შემოსავლების სამსახურის (RS.GE) მონაცემებით; ფიზიკური პირის იდენტობა შეიძლება დადასტურდეს ადმინისტრაციის მიერ დოკუმენტის შემოწმებით.

გამყიდველი იძლევა გარანტიას, რომ:

  • მოწოდებული ინფორმაცია (სახელი/დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, მისამართები, ფილიალები, კატეგორიები, გამოცდილება, სერტიფიკატები, პორტფოლიო) არის ზუსტი, ნამდვილი და მას აქვს მისი გამოყენების უფლება;
  • აქვს კანონით მოთხოვნილი ყველა ლიცენზია, ნებართვა, სერტიფიკატი და კვალიფიკაცია შერჩეული კატეგორიისთვის (განსაკუთრებით სამედიცინო, ფარმაცევტული, იურიდიული, სატრანსპორტო და სხვა რეგულირებადი საქმიანობისთვის);
  • ანგარიშით სარგებლობს თავად ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი, რომლის ქმედებაზეც პასუხს აგებს.

ChatShop უფლებამოსილია მოითხოვოს დამადასტურებელი დოკუმენტი და მის წარმოდგენამდე შეზღუდოს შესაბამისი ფუნქცია.

4. მოთხოვნები და შეთავაზებები

  • გამყიდველი იღებს იმ მოთხოვნებს, რომლებიც შეესაბამება მის კატეგორიებს და ქალაქს/რეგიონს. მოთხოვნების რაოდენობა ან ხარისხი გარანტირებული არ არის;
  • მოთხოვნაზე პასუხი ნებაყოფლობითია, თუმცა დროული რეაგირება მოქმედებს შიდა რეიტინგზე (მე-9 პუნქტი);
  • შეთავაზება უნდა იყოს ზუსტი, რეალური და შეესაბამებოდეს კონკრეტულ მოთხოვნას. ფასი მიეთითება სრულად, დამატებითი ხარჯების ჩათვლით (ან მათი ცალკე მითითებით);
  • მყიდველისთვის შეთავაზება თავდაპირველად ანონიმურია (ნომრით). შეთავაზების, ფოტოს ან ტექსტის საშუალებით საკონტაქტო მონაცემების გადაცემა კონტაქტის გაზიარებამდე აკრძალულია;
  • „პირდაპირი მოთხოვნა“, რომელიც მყიდველმა მხოლოდ თქვენ გამოგიგზავნათ (მაგ. რეკლამიდან), სხვა გამყიდველებს არ უჩანთ;
  • მოლაპარაკება პლატფორმაზე წარმოებს მხოლოდ ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებული შაბლონებით.

5. კონტაქტის გაზიარება და მყიდველის მონაცემები

მყიდველის მიერ კონტაქტის მოთხოვნის შემდეგ გამყიდველი თავად წყვეტს, გაუზიაროს თუ არა საკონტაქტო ინფორმაცია. გაზიარებული კონტაქტი აისახება გამყიდველის პაკეტის ლიმიტში და, ლიმიტის ამოწურვის შემდეგ, შეიძლება იყოს ფასიანი — პაკეტის პირობების შესაბამისად.

მყიდველის მონაცემების მიღების შემდეგ გამყიდველი ხდება ამ მონაცემების დამუშავებისთვის დამოუკიდებელი პასუხისმგებელი პირი საქართველოს კანონის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ მიზნებისთვის და ვალდებულია:

  • გამოიყენოს მონაცემები მხოლოდ კონკრეტული მოთხოვნის/შეთანხმების შესასრულებლად;
  • არ გადასცეს ისინი მესამე პირს, არ გამოიყენოს სარეკლამო შეტყობინებებისთვის მყიდველის ცალკე თანხმობის გარეშე;
  • დაიცვას ისინი უნებართვო წვდომისგან და წაშალოს, როცა მიზანი მიღწეულია;
  • სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელმა — დაიცვას პაციენტის მონაცემების კონფიდენციალურობა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

პლატფორმის გვერდის ავლით მყიდველების მონაცემების შეგროვება ან მათთან კონტაქტი, ასევე მყიდველისთვის პლატფორმის გარეთ კონტაქტის მიწოდების მოთხოვნა საფასურის თავიდან ასაცილებლად, აკრძალულია.

6. საფასური, პაკეტები და გადახდა

ChatShop-ის მომსახურების ფასები, პაკეტები (პერიოდი, კონტაქტების ლიმიტი, ქალაქების/მიმართულებების რაოდენობა, ლიმიტის შემდეგ კონტაქტის ფასი), რეკლამის ფასები და უფასო პერიოდები ქვეყნდება პლატფორმაზე და გამყიდველს ეჩვენება ყიდვამდე. გადახდა ხდება გამყიდველის ბალანსიდან.

  • პაკეტის საფასური ჩამოიჭრება ყიდვისას ან განახლებისას. პაკეტი ავტომატურად გრძელდება მხოლოდ მაშინ, თუ გამყიდველმა თავად მონიშნა ავტომატური განახლება; ავტომატური განახლების გამორთვა შესაძლებელია ნებისმიერ დროს;
  • თუ განახლებისას ბალანსი არ არის საკმარისი, თანხა არ ჩამოიჭრება და დავალიანება არ წარმოიშობა — პაკეტი დასრულდება შეღავათის ვადის გასვლის შემდეგ, თუ ამ ვადაში ბალანსი არ შეივსება;
  • ფასის გაზრდის შემთხვევაში პაკეტი ახალ ფასად ავტომატურად არ გრძელდება, სანამ გამყიდველი არ დაეთანხმება ახალ ფასს;
  • ChatShop უფლებამოსილია დააწესოს უფასო ან შეღავათიანი პერიოდი, ინდივიდუალური პირობები ან ბონუსი; ასეთი შეღავათი არ წარმოშობს მისი მომავალში გაგრძელების ვალდებულებას;
  • უკვე გამოყენებული მომსახურების (გაზიარებული კონტაქტი, განთავსებული რეკლამის დღეები) საფასური არ ბრუნდება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მომსახურება ვერ შესრულდა ChatShop-ის ბრალით.

ფასები მითითებულია ლარში. თუ ChatShop დღგ-ს გადამხდელია, ფასი მოიცავს დღგ-ს, თუ სხვა რამ არ არის მითითებული.

7. გამყიდველის ბალანსი

გამყიდველის ბალანსი წარმოადგენს მხოლოდ ChatShop-ის მომსახურების (პაკეტი, კონტაქტის საფასური, რეკლამა) წინასწარ ანაზღაურებას (ავანსს). ბალანსი არ არის ელექტრონული ფული, საბანკო ანაბარი ან საგადახდო ანგარიში; მასზე პროცენტი არ ირიცხება; დაუშვებელია ბალანსიდან თანხის გადარიცხვა სხვა მომხმარებელზე ან მესამე პირზე.

  • ბალანსის შევსება ხდება ბანკის ბარათით ლიცენზირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერის (ბანკის) მეშვეობით ან საბანკო გადარიცხვით. ბარათის მონაცემებს ამუშავებს ბანკი — ChatShop მათ არ ინახავს. ბანკის საკომისიო, თუ ასეთი არსებობს, ეჩვენება გამყიდველს გადახდამდე;
  • გამოუყენებელი ნაშთის დაბრუნება (გატანა) ხდება გამყიდველის მოთხოვნით, მხოლოდ გამყიდველის სახელზე რეგისტრირებულ საბანკო ანგარიშზე, ადმინისტრაციის მიერ დადასტურების შემდეგ, არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. ბანკის მომსახურების საფასური შეიძლება დაეკისროს გამყიდველს;
  • ანგარიშის წაშლამდე რეკომენდებულია ნაშთის გატანა. წაშლის შემდეგ ნაშთის დაბრუნება შესაძლებელია წერილობითი მოთხოვნით (ელფოსტით), ვინაობის დადასტურების შემდეგ. ანგარიშის წაშლისას უარყოფითი ნაშთი (დავალიანება) არ უქმდება;
  • შეცდომით ჩარიცხული ან თაღლითური გზით მიღებული თანხის კორექტირების უფლება ChatShop-ს აქვს, რის შესახებაც გამყიდველს ეცნობება.

8. რეკლამა

  • გამყიდველს შეუძლია შეიძინოს სპონსორირებული რეკლამა (კატეგორიისა და რეგიონის მიხედვით) და, თუ ფუნქცია ჩართულია, TOP პოზიცია. რეკლამა მყიდველს ეჩვენება „სპონსორირებული“ / „TOP“ ნიშნით;
  • რეკლამა ქვეყნდება ადმინისტრაციის მიერ შემოწმების (მოდერაციის) შემდეგ. ChatShop უფლებამოსილია უარი თქვას რეკლამის განთავსებაზე ან შეაჩეროს იგი, თუ შინაარსი არღვევს კანონს, წინამდებარე წესებს ან მესამე პირის უფლებებს; ასეთ შემთხვევაში გამოუყენებელი პერიოდის საფასური ბრუნდება ბალანსზე, გარდა წესების უხეში დარღვევისა;
  • რეკლამის შინაარსზე (ტექსტი, ფოტო, ვიდეო, ფასი, სასაქონლო ნიშანი) და მის შესაბამისობაზე საქართველოს კანონთან „რეკლამის შესახებ“ (მათ შორის სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების რეკლამის შეზღუდვებთან) პასუხისმგებელია გამყიდველი;
  • რეკლამის ეფექტიანობა (ნახვები, დაწკაპუნებები, მოთხოვნები) გარანტირებული არ არის. სტატისტიკა ეჩვენება გამყიდველს ინფორმაციის მიზნით.

9. შიდა რეიტინგი

ChatShop აწარმოებს გამყიდველის შიდა რეიტინგს (0–100 ქულა), რომელიც ითვლის: მყიდველების შეფასებებს, გაფრთხილებებს, კონტაქტის შემდეგ ვალდებულების შესრულებას, დროულ რეაგირებას, დადასტურებულ შეკვეთებს, პროფილის სისრულეს და წესების დაცვას. გამოთვლის წესი და რჩევები გამყიდველს უჩანს „ჩემი რეიტინგის“ გვერდზე.

  • რეიტინგი ხილულია მხოლოდ გამყიდველისა და ადმინისტრაციისთვის, მყიდველს არ უჩანს და არ მოქმედებს შეთავაზებების, გამყიდველებისა და რეკლამის ჩვენების რიგზე;
  • ადმინისტრაციას შეუძლია რეიტინგის ხელით კორექტირება, მიზეზის მითითებით, რომელიც გამყიდველს ეცნობება;
  • რეიტინგზე დაფუძნებული ბონუსი (ასეთის არსებობისას) არის ChatShop-ის ნებაყოფლობითი შეღავათი და არ წარმოშობს მოთხოვნის უფლებას;
  • გამყიდველს უფლება აქვს მოითხოვოს რეიტინგის ან მასზე დაფუძნებული გადაწყვეტილების გადასინჯვა ადმინისტრაციის მიერ.

10. გამყიდველის ვალდებულებები და აკრძალული ქმედებები

გამყიდველი ვალდებულია შეასრულოს მყიდველთან დადებული შეთანხმება, პატივი სცეს მყიდველს და დაიცვას კანონი. აკრძალულია:

  • ყალბი, შეცდომაში შემყვანი ან არარსებული საქონლის/მომსახურების შეთავაზება; ფასის ხელოვნური შემცირება შემდგომი გაზრდის მიზნით;
  • წინასწარი გადახდის მიღება შესრულების განზრახვის გარეშე ან მყიდველის სხვაგვარი მოტყუება;
  • რამდენიმე ანგარიშის გამოყენება შეზღუდვების, საფასურის ან რეიტინგის გვერდის ავლით; შეფასებების გაყალბება ან ყიდვა;
  • მყიდველის მონაცემების ბოროტად გამოყენება, სპამი, შეურაცხყოფა, მუქარა;
  • აკრძალული საქონლის ან მომსახურების შეთავაზება (მყიდველის წესების მე-10 პუნქტი) ან ლიცენზირებადი საქმიანობის განხორციელება ლიცენზიის გარეშე;
  • პლატფორმის ტექნიკურ სისტემებში ჩარევა ან ავტომატური საშუალებებით მონაცემების მოპოვება.

11. გაფრთხილება, შეზღუდვა, დაბლოკვა და წაშლა

წესების დარღვევისას ChatShop უფლებამოსილია, დარღვევის სიმძიმის შესაბამისად, გამოიყენოს: გაფრთხილება (რომელიც შეიძლება გამოჩნდეს გამყიდველის გვერდზე და ამცირებს შიდა რეიტინგს), ცალკეული ფუნქციის შეზღუდვა, რეკლამის შეჩერება, ანგარიშის დროებითი ან უვადო დაბლოკვა, ანგარიშის წაშლა.

ChatShop გამყიდველს აცნობებს ზომისა და მიზეზის შესახებ. გამყიდველს შეუძლია ზომის გასაჩივრება 14 დღის განმავლობაში. თაღლითობის, მყიდველის სიცოცხლისთვის/ჯანმრთელობისთვის საფრთხის ან კანონის მოთხოვნის შემთხვევაში ზომა შეიძლება გამოყენებულ იქნეს დაუყოვნებლივ, წინასწარი გაფრთხილების გარეშე.

დაბლოკვის პერიოდში უკვე გადახდილი პაკეტის ან რეკლამის საფასური არ ბრუნდება, თუ დაბლოკვა გამოწვეულია გამყიდველის მიერ წესების დარღვევით. დაუსაბუთებლად გამოყენებული ზომის შემთხვევაში ChatShop აღადგენს ანგარიშს და შესაბამისად აკორექტირებს გამოუყენებელ პერიოდს.

12. ინტელექტუალური საკუთრება და კონტენტი

გამყიდველი ინარჩუნებს უფლებებს მის მიერ ატვირთულ კონტენტზე (ლოგო, ფოტო, ტექსტი, ვიდეო, სერტიფიკატი) და ChatShop-ს ანიჭებს არაექსკლუზიურ, უსასყიდლო ლიცენზიას მისი გამოყენებისთვის პლატფორმაზე ჩვენების, რეკლამის განთავსებისა და მომსახურების მიწოდების მიზნით — ანგარიშის ან კონტენტის წაშლამდე.

გამყიდველი იძლევა გარანტიას, რომ კონტენტი არ არღვევს მესამე პირის საავტორო, სასაქონლო ნიშნის ან სხვა უფლებას. ChatShop პლატფორმის სახელწოდებაზე, დიზაინზე, პროგრამულ კოდსა და მონაცემთა ბაზაზე უფლებებს ინარჩუნებს.

13. ზიანის ანაზღაურება ChatShop-ისთვის

გამყიდველი ვალდებულია აუნაზღაუროს ChatShop-ს ის ზიანი (მათ შორის, მესამე პირის მოთხოვნის დაკმაყოფილების, სახელმწიფო ორგანოს მიერ დაკისრებული სანქციისა და გონივრული იურიდიული ხარჯები), რომელიც გამოწვეულია გამყიდველის მიერ ამ წესების, კანონის ან მესამე პირის უფლებების დარღვევით, ასევე მყიდველთან დადებული ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით.

14. ChatShop-ის პასუხისმგებლობის შეზღუდვა

ChatShop არ იძლევა გარანტიას მოთხოვნების, კონტაქტების, გაყიდვების ან შემოსავლის რაოდენობაზე და არ აგებს პასუხს მყიდველის ქმედებაზე ან უმოქმედობაზე.

ChatShop არ აგებს პასუხს გამყიდველისთვის მიყენებულ ზიანზე, რომელიც გამოწვეულია ChatShop-ის მსუბუქი ან უხეში გაუფრთხილებლობით, ასევე არაპირდაპირ ზიანზე (მათ შორის, მიუღებელ შემოსავალზე, საქმიანი რეპუტაციის შელახვაზე, მონაცემების დაკარგვაზე) და დაუძლეველი ძალით გამოწვეულ ზიანზე.

ნებისმიერ შემთხვევაში ChatShop-ის მიერ გამყიდველისთვის ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა არ აღემატება ზიანის გამომწვევ მოვლენამდე ბოლო 3 (სამი) თვის განმავლობაში გამყიდველის მიერ ChatShop-ისთვის გადახდილ საფასურს.

ეს შეზღუდვა არ ვრცელდება განზრახ მიყენებულ ზიანზე და იმ შემთხვევებზე, როცა პასუხისმგებლობის შეზღუდვა დაუშვებელია საქართველოს კანონმდებლობით.

15. ხელშეკრულების ვადა, ცვლილება და შეწყვეტა

ხელშეკრულება დადებულია განუსაზღვრელი ვადით. გამყიდველს შეუძლია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს იგი ანგარიშის წაშლით; ChatShop-ს — წინასწარი, არანაკლებ 30 დღით ადრე შეტყობინებით, ან დაუყოვნებლივ, მე-11 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით.

წესების ან ფასების ცვლილების შესახებ ChatShop გამყიდველს აცნობებს არანაკლებ 14 დღით ადრე. ფასის ცვლილება ვრცელდება შემდეგ პერიოდზე (განახლებაზე) და არ ეხება უკვე გადახდილ პერიოდს. თუ გამყიდველი არ ეთანხმება ცვლილებას, შეუძლია შეწყვიტოს ხელშეკრულება ცვლილების ამოქმედებამდე.

16. მიმართვები, მოქმედი სამართალი და დავები

მიმართვა შესაძლებელია მხარდაჭერის ჩატით (ღილაკი ეკრანის ქვედა მარჯვენა კუთხეში) ან ელფოსტით: novattwo@gmail.com.

წესები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. დავა წყდება მოლაპარაკებით, ხოლო შეთანხმების მიუღწევლობისას — საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ. მეწარმე სუბიექტთან დავისთვის მხარეები თანხმდებიან ბათუმის საქალაქო სასამართლოს განსჯადობაზე, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

თუ წესების რომელიმე დებულება ბათილად იქნება მიჩნეული, დანარჩენი დებულებები ძალაში რჩება.

⚠️ მნიშვნელოვანი

მყიდველის მიმართ თქვენ მოქმედებთ როგორც მოვაჭრე — საკუთარი სახელით და პასუხისმგებლობით. ბალანსი არის მხოლოდ ChatShop-ის მომსახურების ავანსი და არ არის ელექტრონული ფული.